მერცმა ნეთანიაჰუსთან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ მიწოდების შესახებ ისაუბრა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას ღაზას სექტორში ცეცხლის სწრაფად შეწყვეტის იმედი გამოთქვა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა სტეფან კორნელიუსმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან საუბრისას მერცმა „იმედი გამოთქვა ღაზას სექტორში ცეცხლის სწრაფად შეწყვეტისა“ და „ჰამასის“ მიერ უკანონოდ დაკავებული მძევლების გათავისუფლების შესახებ.
გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მიწოდების აუცილებლობა.
ამასთან, მერცმა ისრაელის პრემიერთან ისაუბრა ღაზას სექტორისთვის ომის შემდგომი მდგრადი მოწყობის გზების ძიების მნიშვნელობაზე, „რომელიც გაითვალისწინებს ისრაელის უსაფრთხოების საჭიროებებს და პალესტინელების თვითგამორკვევის უფლებას“, განაცხადა კორნელიუსმა.
„კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთ სანაპიროს ანექსიისკენ არანაირი ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას“, - აღნიშნა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.