მერცმა გერმანიაში მიიწვია სირიის ლიდერი, რათა მასთან სირიელი დამნაშავეების გერმანიიდან დეპორტაცია განიხილოს
        გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის სირიაში ვიზიტიდან მალევე კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი გერმანიაში მიიწვია.
მიწვევის მიზეზი მერცის სურვილია, აჰმედ ალ-შარაასთან სირიელი დამნაშავეების გერმანიიდან დეპორტაცია განიხილოს.
„სირიაში სამოქალაქო ომი დასრულდა. ახლა გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების არანაირი საფუძველი არ არსებობს და ამიტომ შეგვიძლია, დეპორტაციები დავიწყოთ“, - განაცხადა მერცმა შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰუზუმში ვიზიტის დროს.
ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერმა პირობა დადო, რომ გერმანია ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებაში მონაწილეობას მიიღებს. მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ სირიელი ლტოლვილების მნიშვნელოვანი ნაწილი ნებაყოფლობით დაბრუნდება. მერცის თქმით, მათ გარეშე სირიის რეკონსტრუქცია შეუძლებელი იქნებოდა.
„ვინც გერმანიაში ყოფნის დროს ქვეყანაში დაბრუნებაზე უარი თქვა, რა თქმა უნდა, უახლოეს მომავალში შეგვიძლია მათი დეპორტაცია“, - დასძინა კანცლერმა.
ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აგვისტოში გერმანიაში სირიიდან 951 406 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 920-ს ქვეყნის დატოვება უბრძანეს.