მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა კომუნიკაციის პარალელურ არხებს არ გახსნის
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყოველთვის მზადაა, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოოს, თუმცა „კომუნიკაციის პარალელურ არხებს არ გახსნის“. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აბუ-დაბიში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც მერცი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს ფარგლებში ჩავიდა, კანცლერმა მოსკოვთან დიალოგისთვის მზადყოფნაზე ისაუბრა.
თუმცა, გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ასეთი კონტაქტები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს აბუ-დაბიში ბოლო დროს გააქტიურებული ძირითადი მოლაპარაკებების პროცესს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის. ამჟამად აქ, აბუ-დაბიში, კოორდინირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ ჩვენ შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ამ მოლაპარაკებების კიდევ უფრო გაუმჯობესებაში, კიდევ უფრო წარმატებაში, მაშინ ამას გავაკეთებთ. თუმცა ჩვენ არ გავხსნით კომუნიკაციის არანაირ პარალელურ არხებს“, - აღნიშნა მერცმა.