Loading data...
მერცი: უპირობო ტრანსატლანტიკური მეგობრობის პერიოდი დასრულდა

„უპირობო ტრანსატლანტიკური მეგობრობის პერიოდი წარსულში, დიდი ხნით დარჩა“. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა „ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის“ საარჩევნო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს ჩვენ პოლიტიკური მიდგომების ცვლილებას ვხედავთ ტრანსატლანტიკური კავშირის მიმართ, რაც აქამდე ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო“, - განაცხადა მერცმა.

სააგენტო dpa-ის ცნობით, ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე გააკეთა. ეს პროცესი აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომზე განსხვავებულ შეხედულებებს უკავშირდება. ტრამპის ურთიერთობები მერცთან იქამდე იყო კარგი, ვიდრე გერმანიამ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს ირანის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ მიმდინარე სამხედრო ოპერაციას. ამის შემდეგ ტრამპმა გერმანიის და მერცის კრიტიკა დაიწყო.

სექტემბერში ტრამპმა  პარტიას, „გერმანიის ალტერნატივას“ საქსონიის რეგიონში არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, რაც ვაშინგტონის მიერ გერმანელი ულტრამემარჯვენეების მხარდაჭერის მორიგი ჟესტი გახდა. ამას ბერლინის მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ამასთანავე, გერმანიის კანცლერს მიაჩნია, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის შექმნილი დაძაბულობა მის ქვეყანას ახალ შესაძლებლობას აძლევს და ის გამოყენებული უნდა იყოს. გერმანიამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებასა და განვითარებაზე. მერცმა აღნიშნა, რომ ფედერალურმა მთავრობამ მნიშვნელოვნად გაზარდა თავდაცვის ხარჯები.

ასევე კანცლერი ამბობს, რომ მრავალწლიანი სტაგნაციის შემდეგ გერმანიაში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებას იწყებს. 2026 წელს ქვეყანაში 1,3%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.