Loading data...
მერცი უკრაინისთვის Taurus-ის მიწოდებაზე: რჩება ვარიანტად, თუმცა გერმანია ომში არ ჩაერთვება

გერმანული ფრთოსანი რაკეტის, Taurus-ის უკრაინისთვის გაგზავნა იყო და რჩება ვარიანტად, თუმცა გერმანია ომში არ ჩაერთვება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა. იტყობინება n-tv.

მერცმა აღნიშნა, რომ  Taurus-ის რაკეტებთან მუშაობა უკიდურესად რთულია, ამიტომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნას მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება.

მისი თქმით, ეს სამუშაო ჯერ არ დაწყებულა.

„ჩვენთვის პრობლემა ის არის, რომ ეს სისტემა უკიდურესად რთულია და ჯარისკაცების მომზადებას, სულ მცირე, ექვსი თვე სჭირდება. წვრთნიან თუ არა მათ უკვე? ჩვენ ჯერ ამაზე არ შევთანხმებულვართ. ამაზე ზელენსკისთან ვისაუბრე, კოალიციაშიც განვიხილე. ჯერ არ დაგვიწყია. ეს არის და რჩება ვარიანტად“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ამასთან, მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია აღარ გამოაცხადებს საჯაროდ, თუ რა იარაღს გადასცემს უკრაინას, რათა რუსეთს არ მიეცეს შესაძლებლობა, ზუსტად შეაფასოს დასავლეთის ქმედებები.

ცნობისთვის, Taurus-ის რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსი 500 კილომეტრია, შექმნილია კრიტიკული სამიზნეების - ხიდების, ბუნკერების, სამეთაურო პუნქტების, საზენიტო-სარაკეტო სისტემების და სხვა დაცული ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის. უკრაინა რამდენიმე წელია გერმანიას სთხოვს, რომ ეს რაკეტები მიაწოდოს.