Loading data...
მერცი: უკრაინა მზადაა, ტერიტორიული საკითხები განიხილოს

უკრაინა მზადაა, ტერიტორიების საკითხი განიხილოს, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სუვერენიტეტის იურიდიულ აღიარებაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან მოკლედ გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შინაარსი, რომელსაც სხვა ევროპელი ლიდერებიც შეუერთდნენ. მერცის თქმით, ტრამპს აუხსნეს, რომ ფრონტზე ჯერ ცეცხლის შეწყვეტა უნდა დამყარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეცდებიან მხარეები ომის დასრულების გრძელვადიანი შეთანხმების დადებას.

„უკრაინა მზადაა, ტერიტორიული საკითხები განიხილოს, მაგრამ საწყისი წერტილი ფრონტის ხაზი უნდა იყოს. რუსული ოკუპაციის აღიარება განხილვის საგანი არ არის“, - განაცხადა მერცმა.

კანცლერის თქმით, ტრამპს ასევე აუხსნეს რამდენიმე სხვა პოზიცია, რომელსაც უკრაინა და ევროპა იზიარებენ. კერძოდ, აღნიშნულია, რომ კიევი მომდევნო მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს წარმოდგენილი, თუ პუტინისა და ტრამპის ალასკაში შეხვედრის შემდეგ პროცესი გაგრძელდება.

მერცმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ უნდა შეინარჩუნოს სახელმწიფოს დაცვის შესაძლებლობა. მისივე თქმით, აუცილებელია უკრაინისთვის „უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიების“ უზრუნველყოფა.