Loading data...
მერცი ტრამპს: დიდ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ომების დასრულება მეომარი ქვეყნების ჩართულობის გარეშე

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააფრთხილა, რომ არ ეცადოს უკრაინაში ომის დასრულებას კიევის, ან ევროპელების თანხმობის გარეშე.

„დიდ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ ომების დასრულება მეომარი ქვეყნების ჩართულობის გარეშე“, - განაცხადა მერცმა იოჰანესბურგში G20-ის სამიტის ფარგლებში.

მისი თქმით, საჭიროა როგორც უკრაინის, ასევე ევროპელების თანხმობა.

„რადგან ეს ომი ევროპის კონტინენტზეა და იმისდა მიხედვით, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, მას შედეგები მოჰყვება ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.

მან დაადასტურა ინფორმაცია, რომ ხვალ, 23 ნოემბერს, ჟენევაში გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოების პოლიტიკის მრჩევლები შეუერთდებიან თავიანთ კოლეგებს უკრაინიდან და შეერთებული შტატებიდან.