მერცი ტრამპ-პუტინის შეხვედრაზე: აშშ-ის მზადყოფნა, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ნამდვილად დიდი პროგრესია

აშშ-ის მზადყოფნა, შეუერთდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, „დიდ პროგრესს“ წარმოადგენს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ხელმძღვანელ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ალასკაში ტრამპისა და პუტინის სამიტისგან წარმატების პოტენციალს ხედავს.
მერცმა აღნიშნა, რომ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს დეტალურად აცნობა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შედეგები.
„მან [ტრამპმა] დეტალურად გვიამბო, თუ რამდენად ინტენსიურად განიხილა პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების პირობები. დაწყებული იმ დაპირებით, რომ ამერიკა მზადაა, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის. ეს ჯერ არ გაჟღერებულა გუშინდელ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მიმაჩნია, რომ ამერიკის მზადყოფნა, უზრუნველყოს უსაფრთხოების ასეთი გარანტიები... ნამდვილად დიდი პროგრესია“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ამავდროულად, მერცმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა.