მერცი: ტერიტორიულ საკითხზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ, აშშ-ის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი და ფინანსური გარანტიები შესანიშნავია
გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ტერიტორიულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ უკრაინელ ხალხს და ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლიათ.
„რაც შეეხება ტერიტორიულ საკითხს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ უკრაინელ ხალხს და უკრაინის პრეზიდენტს შეუძლიათ, რომელიც აქ თავის ტერიტორიას იცავს. მინდა, კიდევ ერთხელ ნათლად განვაცხადო ეს. ეს უკრაინელი ხალხია, რომელიც თითქმის ოთხი წელია, დიდი მსხვერპლის ფასად იცავს თავის ტერიტორიას. აქაც ჩვენ სრულად ვეთანხმებით ერთმანეთს.
უკრაინა მიიღებს გადაწყვეტილებას ასეთ ტერიტორიულ დათმობებზე. ჩვენ ერთმანეთს დეტალურად ავუხსენით ჩვენი პოზიციები კონფიდენციალურ შეხვედრებზე და ყურადღებით მოვუსმინეთ ერთმანეთს. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს კიდევ უფრო მეტ პროგრესს მივაღწევთ. ამავდროულად, ჩვენ გვსურს დავარწმუნოთ მოსკოვი, შეწყვიტოს დროის გაწელვა და ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფოდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ, ევროპელები, გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას“, - აღნიშნა მერცმა.
მისი თქმით, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მოლაპარაკებებში.
„ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის გზის გასაკვლევად. ყველამ ვიცით ომის ფასი. ახლა დროა, ერთმანეთთან ვისაუბროთ მშვიდობის ფასზე. ეს მოიცავს უსაფრთხოების გარანტიების, ტერიტორიებისა და ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის ეფექტური მექანიზმის საკითხებს. გუშინ და დღეს ბერლინში უკრაინელებს, ამერიკელებსა და ევროპელებს შორის ინტენსიური კონფიდენციალური მოლაპარაკებები გაიმართა.
სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, პრეზიდენტ ტრამპის მომლაპარაკებლებმა, ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. მინდა, ძალიან ნათლად ვთქვა: მათი დაუღალავი ძალისხმევისა და პრეზიდენტ ტრამპის ერთგულების გარეშე, ჩვენ არ გვექნებოდა ის დადებითი იმპულსი, რომელიც ამჟამად გვაქვს, რაც შემდგომ პროგრესს განაპირობებს და უკრაინას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის არსებულ უფსკრულს ამცირებს“, - განაცხადა მერცმა.
კანცლერის თქმით, შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული გარანტიები შესანიშნავია.
„ბერლინში აშშ-ის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი და ფინანსური გარანტიები ნამდვილად შესანიშნავია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, რასაც ძალიან მივესალმები“, - დასძინა მერცმა.