მერცი: საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები შესაძლოა, მომავალ კვირას ისრაელს ეწვიონ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მომავალ კვირას ისრაელში თავიანთი საგარეო საქმეთა მინისტრების გაგზავნას განიხილავენ, რაც ღაზაში არსებული მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის გამო, საერთაშორისო ზეწოლის ზრდას უკავშირდება. ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
„სავარაუდოდ, ჩვენ ვთხოვთ საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ერთად გაემგზავრონ ისრაელში მომავალ ხუთშაბათს [7 აგვისტოს], რათა სამივე მთავრობის პოზიცია წარადგინონ“, - განაცხადა მერცმა ბერლინში, იორდანიის მეფე აბდულა II-თან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის ორი თვითმფრინავი იორდანიისკენ მიემართება და შესაძლოა, ოთხშაბათს, 30 ივლისს, ღაზაში დახმარების მისიით გაფრინდეს.
მერცის თქმით, ორი A400M თვითმფრინავი იორდანიაში საწვავით შეივსება და შემდეგ, საფრანგეთთან და გერმანიასთან კოორდინაციით, დახმარების მისიას არაუგვიანეს შაბათ-კვირის განმავლობაში განახორციელებს.
„შესაძლოა, ეს სამუშაო ჰუმანიტარულ დახმარებაში მხოლოდ მცირე წვლილს შეიტანს, მაგრამ მნიშვნელოვან სიგნალს აგზავნის: ჩვენ აქ ვართ, ჩვენ რეგიონში ვართ“, - განაცხადა კანცლერმა.
მერცი ასევე მიესალმა ისრაელის მხრიდან დახმარების დაშვების მიზნით გადადგმულ საწყის ნაბიჯებს, თუმცა აღნიშნა, რომ ამას მეტი ნაბიჯი უნდა მოჰყვეს.