Loading data...
მერცი „სამშვიდობო გეგმებზე“: რუსეთის სურვილის გარეშე, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, შედეგი არ იქნება

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ნებისმიერი გეგმის წარმატებისთვის საჭიროა კრემლის რეალური მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. 

მერცის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის „ერთ ღამეში“ დასრულება შეუძლებელია.

„ერთობლივი სამშვიდობო გეგმა მიზნად ისახავს პროცესის დაწყებას. ამისათვის კი რუსეთი ახლა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. სანამ ამისთვის თვალსაჩინო მზადყოფნა არ იქნება, არც პროცესი იქნება და არც მშვიდობა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპა ერთიანი ძალისხმევით მოქმედებს.

„ჩვენ ვალდებულნი ვართ, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას და სამართლიან მშვიდობას უკრაინაში. ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ევროპის უსაფრთხოება“, - დაწერა მერცმა.