Loading data...
მერცი: პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთი ბარბაროსობის ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავამდე ერთი დღით ადრე რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კრემლის ხელმძღვანელობა სისტემატური ომის დანაშაულებისთვის დაგმო.

გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც „რუსეთი მის გაგრძელებაში აზრს ვეღარ დაინახავს“ და ასევე, როდესაც რუსეთის ფედერაცია „ვეღარ შეძლებს ახალი ტერიტორიების დაპყრობის იმედად ყოფნას, როდესაც ამ სიგიჟის ფასი რუსეთისთვის უბრალოდ ძალიან მაღალი გახდება“.

„ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რუსეთზე ზეწოლა. ჩვენ ეს ზეწოლა კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ“, - განაცხადა მერცმა. 

კანცლერმა მკაცრად დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში, მან მოსკოვი ადამიანის უფლებებისა და ადამიანის სიცოცხლის მიმართ გულგრილობაში და ყოველდღიურად ომის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა.

„ამჟამინდელი ხელმძღვანელობის ქვეშ ეს ქვეყანა ბარბაროსობის ყველაზე დაბალ წერტილშია და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი იმ რეჟიმსა და ბარბაროსობაში, რომელთანაც რუსეთის მხრიდან გვაქვს საქმე“, - აღნიშნა მერცმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კრემლის მმართველი ვლადიმერ პუტინი არ შეწყვეტს აგრესიას, თუ უკრაინა დანებდება.

„რადგან ჩვენ გვესმის მუქარა. ჩვენ ვხედავთ პროვოკაციებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ბალტიის ზღვაში, ჰიბრიდულ თავდასხმებს მთელ ევროპაში, განსაკუთრებით აქ, გერმანიაში. ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ შეცდომა, როდესაც ვაღიარებთ რაღაცებს, მაგრამ არ ვმოქმედებთ მათ შესაბამისად“, - დასძინა მერცმა.