მერცი: ორბანის მიერ უკრაინისთვის სესხის დაბლოკვას სერიოზული შედეგები მოჰყვება
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს სესხის დაბლოკვის გაგრძელება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ლოიალობის უხეში დარღვევაა და ამას შედეგები მოჰყვება.
კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ხელშეკრულებით აიღეს ვალდებულება ორმხრივად ლოიალური მხარდაჭერის შესახებ და „შეთანხმდნენ, რომ შეუძლიათ ერთმანეთისთვის მიცემულ სიტყვას ენდონ“.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ჩვენ დავუბრუნდებით იმ წერტილს, სადაც შევძლებთ დავეყრდნოთ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას. ეს არის წევრ სახელმწიფოებს შორის ლოიალობის უხეში დარღვევა და ზიანს აყენებს მთლიანად ევროკავშირის ქმედუნარიანობასა და რეპუტაციას“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მერცმა განაცხადა, რომ ევროკომისიას დაევალა, განეხილა დამატებითი ვარიანტები, „თუ როგორ შეგვიძლია ამ სესხის გადახდა“.
„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ გადახდის განხორციელებას და ეს რაც შეიძლება მალე მოხდება და რომ ამასობაში უკრაინას საკმარისი მხარდაჭერა გაეწევა - იმ მიზნებისთვის, რომლებთანაც ეს სესხი გვაქვს დაკავშირებული, კერძოდ, ორი მესამედი სამხედრო აღჭურვილობისთვის და ერთი მესამედი სამოქალაქო აღჭურვილობისთვის“, - განაცხადა მან.
გერმანიის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორბანის გამო „ამჟამად მის მიერ ბევრ ასპექტში ვართ დაბლოკილები“ და რომ ის ამ საკითხს ბიუჯეტის კონსულტაციების დროს წამოჭრის.
„ჩვენ ვეთანხმებით, რომ არ შევეგუებით იმას, რაც ევროპულ საბჭოში მოხდა. ამას ექნება შედეგები, რომლებიც ამ ცალკეულ მოვლენას გაცილებით სცდება“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
მერცის თქმით, „ბიუჯეტის ფორმირებისას და ყველაფრის ფარგლებში, რაც ამ ბიუჯეტიდან გამომდინარეობს, ჩვენ კიდევ ერთხელ მოგვიწევს პრინციპული საუბარი ამ საკითხზე“.