Loading data...
მერცი მინეაპოლისში განვითარებულ მოვლენებზე: ძალის გამოყენების ასეთი დონე აშშ-ში შემაშფოთებელია

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში იმიგრაციის აგენტების მიერ ჩადენილი ბოლო გახმაურებული მკვლელობის გამო.

მერცმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია მინეაპოლისში განვითარებული მოვლენებით, სადაც იმიგრაციის აგენტებმა ამერიკელი ალექს პრიტი მოკლეს. შემთხვევას შეერთებულ შტატებში საზოგადოების აღშფოთების ახალი ტალღა მოჰყვა. 

„ჩემი აზრით, ძალის გამოყენების ასეთი დონე შეერთებულ შტატებში შემაშფოთებელია“, - განაცხადა კანცლერმა პრესკონფერენციაზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მალე „გაარკვევს, იყო თუ არა სროლა აუცილებელი და არსებობდა თუ არა რეალური საფრთხე აგენტებისთვის“.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერის ეს განცხადება ეხება 24 იანვარს მინეაპოლისში მომხდარ ინციდენტს. აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა მოკლა მამაკაცი, რომელსაც ხელში მხოლოდ მობილური ტელეფონი ეჭირა. ოფიციალურად აცხადებენ, რომ აგენტებმა იარაღი თავდაცვის მიზნით გამოიყენეს, თუმცა ინციდენტის ამსახველი ვიდეო ეჭვქვეშ აყენებს ამ ახსნას და მათი ქმედებების პროპორციულობას.

ეს ქალაქში გაძლიერებული საიმიგრაციო შემოწმების დროს მომხდარი მეორე ფატალური შემთხვევაა. 7 იანვარს ICE-ის აგენტმა 37 წლის ქალს მანქანით გადაადგილებისას ესროლა და მოკლა.