მერცი: ისრაელის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ომის გამო ისრაელის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გადაწყვეტილება შესაძლოა, უახლოეს მომავალში მიიღონ. მერცის ეს განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის მოხსენების შემდეგ გაკეთდა, რომელიც ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ვიზიტით იმყოფება.
მისი თქმით, 28 ივლისს მთავრობის უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე უკვე განიხილეს, თუ როგორ „იმოქმედებს გერმანია ევროპელ პარტნიორებთან ერთად საჭიროების შემთხვევაში“.
„ჩვენ დაველოდებით [მინისტრის] ანგარიშს და მივიღებთ ყველა შემდგომ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მერცმა 1-ელ აგვისტოს.
ამასთან, კანცლერმა ღაზას სექტორში არსებულ ვითარებას „მიუღებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ „ის რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული 31 ივლისს ისრაელში ჩავიდა. დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ტაიბეს დასახლებაში ვიზიტის დროს მინისტრმა ისრაელს მოუწოდა, დასაჯოს ის ახალმოსახლეები, რომლებიც პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობას ახორციელებენ.