მერცი იმედოვნებს, რომ პუტინი ტრამპის წინადადებებს „სერიოზულად“ მიიღებს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი იმედოვნებს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ უკრაინასთან მოლაპარაკებებს ყოველგვარი პირობების გარეშე დაიწყებს.
„უკრაინაზე თავდასხმიდან სამწელიწად-ნახევრის შემდეგ, რუსეთს დღეს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები.
ჩვენ ველით, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად მიიღებს პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებას მოლაპარაკებების შესახებ და ალასკაში შეხვედრის შემდეგ უკრაინასთან მოლაპარაკებებს ყოველგვარი პირობების გარეშე დაიწყებს“, - აღნიშნა მერცმა.
მერცის თქმით, მიზანი უნდა იყოს სამიტი, რომელშიც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას.
„უკრაინას უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება. ტერიტორიული საკითხების მოგვარება მხოლოდ უკრაინელების თანხმობით არის შესაძლებელი. ჩვენ ეს გზავნილები პრეზიდენტ ტრამპს ნათლად და ერთიანად გადავეცით“, - აღნიშნა მან.
მერცმა ტრამპს მადლობა გადაუხადა ინიციატივისა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მჭიდრო კოორდინაციისთვის.