Loading data...
მერცი: გვაშფოთებს, რომ აშკარად არ არსებობს საერთო გეგმა ამ ომის სწრაფი და დამაჯერებელი დასასრულისთვის, უსასრულო ომის ინტერესი არ გვაქვს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად აწუხებთ ის, რომ აშკარად არ არსებობს ირანის წინააღმდეგ ომის სწრაფი და დამაჯერებელი დასასრულისკენ მიყვანის საერთო გეგმა.

„ომის ყოველ დღესთან ერთად, უფრო და უფრო მეტი კითხვა ჩნდება. ყველაზე მეტად ის გვაშფოთებს, რომ აშკარად არ არის ამ ომის სწრაფ და დამაჯერებელ დასასრულისკენ მიყვანის საერთო გეგმა. დაუსრულებელი ომის ინტერესი არ გვაქვს“ - აცხადებს მერცი.

როგორც გერმანიის კანცლერი აცხადებს, „სცენარი, რომელიც ვნახეთ ლიბიაში, ერაყსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში, ასევე, ჩვენ გვავნებს“.

„ეს გავლენას ახდენს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ენერგომომარაგებაზე და შესაძლოა, მიგრაციასთან დაკავშირებულ სიტუაციაზეც“, - დასძინა გერმანიის კანცლერმა.

მერცმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცდილობს ისარგებლოს ირანის კონფლიქტით, რათა უპირატესობა მოიპოვოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

„მაშინ, როდესაც სხვა პარტნიორებს ძალები გაჰყავთ ნატოს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფლანგებიდან, ჩვენ იქ ვრჩებით. ტვირთის ეს გადანაწილება მნიშვნელოვანია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს უკრაინისა და ევროპის დასუსტების შესაძლებლობას მივცემთ. ვიცით, რომ კრემლი ყურადღებით აკვირდება ირანი სად ხსნის შესაძლებლობებს“, - განაცხადა მერცმა.