Loading data...
მერცი: გერმანიას ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად უფრო ძლიერი დაზვერვა სჭირდება

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას სჭირდება, რომ BND-ის საგარეო დაზვერვის სამსახური მოქმედებდეს ქვეყნის ზომისა და ეკონომიკური წონის შესაბამის დონეზე, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს „სულ უფრო აგრესიული კონკურენტების“ ჰიბრიდულ თავდასხმებს. ამის შესახებ მან 11 სექტემბერს BND-ის ხელმძღვანელად უკრაინაში გერმანიის ყოფილი ელჩის მარტინ იაგერის ინაუგურაციასთან დაკავშირებით წარმოთქმულ სიტყვაში განაცხადა, წერს Reuters-ი.

მერცმა აღნიშნა, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის საფუძვლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში უზრუნველყოფდა მშვიდობას, თავისუფლებასა და კეთილდღეობას, არასტაბილური გახდა.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში უსაფრთხოების მდგომარეობა იშვიათად ყოფილა ასეთი სერიოზული. ჩვენ ყოველდღიურად ვებრძვით ჩვენს ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებს: დივერსიულ აქტებს, ჯაშუშობას, დეზინფორმაციის კამპანიებს. ჩვენ კვლავ გვყავს სისტემური მეტოქეები და მოწინააღმდეგეები - და ისინი სულ უფრო აგრესიულები ხდებიან“, - აღნიშნა მან, კონკრეტული ქვეყნის, ან ორგანიზაციის დასახელების გარეშე.

მერცის თქმით, ამის საწინააღმდეგოდ გერმანია უფრო პროაქტიული უნდა იყოს და სჭირდება ცოდნის უპირატესობა, რომელსაც ძლიერი სამოქალაქო, სამხედრო და ტექნიკური საგარეო დაზვერვა აძლევს.

„იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომელიც ევროპაში გვაქვს, ჩვენი ზომისა და ეკონომიკური სიძლიერის გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ BND-მა დაზვერვის თვალსაზრისით უმაღლეს დონეზე იმოქმედოს“, - დასძინა მან.