მერცი: გერმანია ისრაელის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ოქტომბრამდე მიიღებს

გერმანია ოქტომბერში კოპენჰაგენში დაგეგმილ ევროკავშირის შეხვედრამდე გადაწყვეტს, დაუჭერს თუ არა მხარს ისრაელის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მადრიდში ვიზიტის დროს განაცხადა, წერს Reuters-ი.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთად საუბრისას მერცმა განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებები ღაზაში არ შეესაბამება მის გაცხადებულ მიზნებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია არ იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ეს ქმედებები გენოციდს წარმოადგენს.
მერცმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ქვეყნისთვის პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება ჯერ განხილვის საგანი არ არის.
როგორც Reuters-ი წერს, მერცის კომენტარები ხაზს უსვამს გერმანიის მზარდ მზადყოფნას, გააკრიტიკოს ისრაელი, მაგრამ ყოყმანობს, მიიღოს სადამსჯელო ზომები იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომლის მიმართაც მისი მთავრობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს.
ევროკომისიამ ცოტა ხნის წინ წარადგინა შეთავაზება, ღაზაში ომის გამო შეჩერდეს სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ეხება დაახლოებით 5.8 მილიარდ ევროს ოდენობის ისრაელის ექსპორტს, თუმცა ამჟამად ამ ზომას დასამტკიცებლად ევროკავშირის ქვეყნებს შორის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს.
„ამ კითხვებზე, რომლებზეც ახლა ევროპულ დონეზე პასუხის გაცემაა საჭირო, გერმანიის მთავრობის საბოლოო მოსაზრებას უახლოეს დღეებში მივიღებთ. ამ საკითხებს მომავალ კვირას ფედერალური კაბინეტის დონეზე კვლავ განვიხილავთ. მოველი, რომ შემდეგ 1-ელ ოქტომბერს კოპენჰაგენში დაგეგმილ არაფორმალურ საბჭოს სხდომაზე გვექნება პოზიცია, რომელსაც ასევე მხარს დაუჭერს მთელი გერმანიის მთავრობა“, - განაცხადა მერცმა.