Loading data...
მერცი: გაყინული რუსული აქტივები უკრაინამ უნდა მიიღოს და არა შეერთებულმა შტატებმა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივების შეერთებული შტატებისთვის გადაცემის წინააღმდეგ გამოვიდა - იდეა, რომელიც, მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე განიხილეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. 

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივები არა აშშ-ს, არამედ უკრაინას უნდა გადაეცეს.

„ეს ფული უკრაინას უნდა გადაეცეს“, - აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, უკრაინას ზამთრის გადასატანად დახმარება სჭირდება და, სავარაუდოდ, ფინანსური მხარდაჭერა მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში.

„ამისთვის თანხები გვჭირდება. ეს ევროპის საკითხია და მე ვერ ვხედავ რაიმე ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომ ჩვენს მიერ გამოყენებული თანხები შეერთებულ შტატებში გადავიტანოთ. და ამერიკის მთავრობამ ეს იცის“, - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა.

მისივე თქმით, შეერთებულ შტატებში ზოგიერთს რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო მოგვარებიდან „გარკვეული ეკონომიკური სარგებლის მიღება“ სურს.

„ეს კანონიერია, მაგრამ ეს არ არის იმ ოპერაციის მიზანი, რომელსაც ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ევროპაში უახლოეს დღეებში“, - დასძინა კანცლერმა.