მერცი: ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დეკლარაცია შეიმუშავეს

გერმანიამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა, ასევე, სხვა პარტნიორებმა უკრაინის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პროექტი შეიმუშავეს. ამის შესახებ გერმანიის ახალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
მერცის თქმით, დეკლარაცია „ბევრი თვალსაზრისით 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადების იდენტურია“, რადგან ევროპელები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამ ინიციატივას მხარს უჭერენ.
მერცმა აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა იძულებულია, უფრო ხანგრძლივ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, რამაც ნამდვილ სამშვიდობო შეთანხმებას გზა უნდა გაუხსნას.
კანცლერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცდილობს, „ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დაასრულოს“, თუმცა ცხადია, რომ ეს უკრაინის ჩართულობის გარეშე არ მოხდება. მერცის თქმით, „უკრაინელები ნებისმიერ დისკუსიაში ჩართულები უნდა იყვნენ“.
„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთზე დამატებითი ზეწოლა განვახორციელოთ“, - განაცხადა მერცმა.
ამასთან, კანცლერმა აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ნამდვილი სამშვიდობო მოლაპარაკებების გზას არ დაადგება, გერმანია არ შეჩერდება „სანქციებით ზეწოლის შემდგომ გაზრდაზე ევროპელ პარტნიორებთან და შეერთებულ შტატებთან ერთად“.