მერცი ევროკავშირ-აშშ-ის სავაჭრო შეთანხმებაზე: არ ვარ კმაყოფილი ამ შედეგით, მაგრამ, ცხადია, მეტის მიღწევა ვერ შევძელით

გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის თქმით, აშშ-ში ევროპულ იმპორტზე 15%-იანი ტარიფები გერმანულ ბიზნესს დააზარალებს, თუმცა მიანიშნა, რომ ევროკავშირს უფრო ხელსაყრელ კომპრომისზე წასვლა არ შეეძლო. ამის შესახებ ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
მერცმა აღიარა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებში მიღწეული კომპრომისი მტკივნეული იქნება გერმანიის ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკისთვის.
„გერმანიის ეკონომიკა ტარიფებისგან მნიშვნელოვნად დაზარალდება“, - განაცხადა კანცლერმა.
„არ ვარ კმაყოფილი ამ შედეგით - იმ გაგებით, რომ „ახლა ყველაფერი კარგადაა“... მაგრამ, ცხადია, მეტის მიღწევა ვერ შევძელით“, - აღნიშნა მერცმა შეთანხმების შესახებ.
მან დასძინა, რომ უარყოფით შედეგები მხოლოდ გერმანიისა და ევროპისთვის არ არის მოსალოდნელი.
„ამ სავაჭრო პოლიტიკის შედეგებს ამერიკაშიც ვნახავთ. არა მხოლოდ უფრო მაღალი ინფლაცია იქნება, არამედ ამას გავლენა ექნება ტრანსატლანტიკურ ვაჭრობაზე, ზოგადად... მე მტკიცედ მჯერა, რომ ეს ტარიფები არ შედის შეერთებული შტატების ინტერესებში“, - განაცხადა მერცმა.