Loading data...
მერცი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდების საჭიროებას ვეღარ ხედავს, რადგან კიევი თავად აწარმოებს შორი მოქმედების იარაღს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ბრძოლის ველზე კიევის ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდების საჭიროებას ვეღარ ხედავს. ამის შესახებ მერცმა ბუნდესტაგში მოსმენის დროს განაცხადა

აღსანიშნავია, რომ კანცლერად არჩევამდე პოლიტიკოსმა არაერთხელ მოუწოდა გერმანიის მთავრობას, უკრაინისთვის შორი მოქმედების რაკეტები გადაეცა. მსგავსი მოთხოვნები კიევმაც წამოაყენა, თუმცა ბერლინმა მათ გადაცემაზე უარი თქვა.

პარლამენტში გამოსვლისას მერცმა განაცხადა, რომ ამჟამად ვერ ხედავს აზრს „ტაურუსის“ უკრაინის არმიისთვის გადაცემაში, რადგან უკრაინა თავად აწარმოებს შორი მოქმედების იარაღს. მისი თქმით, უკრაინული შორი მოქმედების იარაღი „მნიშვნელოვნად უფრო ეფექტურია, ვიდრე შედარებით მცირე რაოდენობის Taurus-ის ფრთოსანი რაკეტები, რომელთა გადაცემაც გერმანიას შეეძლო“.

კანცლერმა ასევე განმარტა თავისი წინასაარჩევნო მოწოდებები კიევისთვის შორი მოქმედების რაკეტების გადაცემის შესახებ. მერცის თქმით, მან იმ დროს ივარაუდა, რომ ბუნდესვერს საკმარისი რაოდენობის გამართული Taurus-ის რაკეტები ჰქონდა, რომელთა გადაცემაც უკრაინელებისთვის შეიძლებოდა.