მერცი აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, თვეების განმავლობაში გაგრძელდეს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. მისი თქმით, ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა, რამდენიმე თვეს გაგრძელდეს, წერს Politico.
„ჩვენ არ გვაქვს ილუზიები. პრობლემის სწრაფი გადაწყვეტა არ არსებობს. ეს პროცესი ახლახან დაიწყო და შეიძლება კიდევ ბევრი კვირა, შესაძლოა, თვეებიც კი დასჭირდეს“, - განაცხადა მერცმა ვილნიუსში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ის ლიეტუვაში გერმანიის ახალი მუდმივი ბრიგადის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
გერმანიის კანცლერმა, ასევე, დაადასტურა ბერლინის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა აქტიურად ცდილობს ომის დიპლომატიურ გადაწყვეტას.
„ჩვენ ნამდვილად არ ვუშვებთ ხელიდან დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევის არცერთ წარმოდგენილ შესაძლებლობას. თუმცა, ვიცით, რომ ამას მოკლე დროში ვერ მივაღწევთ“, - დასძინა მერცმა.
გარდა ამისა, გერმანიის კანცლერმა დასავლეთის ერთიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ევროკავშირის პარტნიორებთან კოორდინაცია და ამერიკულ ადმინისტრაციასთან მუშაობა გერმანიის სტრატეგიის ცენტრალურ ელემენტებად რჩება.
„ასევე, ამერიკის ინტერესებშია, რომ ერთად გავაგრძელოთ წინსვლა“, - განაცხადა მერცმა.