Loading data...
მერცი არ ფიქრობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება, შეამციროს გერმანიაში ამერიკული ჯარების რაოდენობა, ევროპის უსაფრთხოებისთვის საგანგაშო სიგნალია

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი არ ფიქრობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, შეამციროს გერმანიაში ამერიკული ჯარების რაოდენობა, ევროპის უსაფრთხოებისთვის საგანგაშო სიგნალია. ამის შესახებ მან 9 მაისს სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კანცლერს ჰკითხეს, თუ რამდენად მნიშვნელოვან უსაფრთხოების რისკებს უქმნის ევროპას ტრამპის გადაწყვეტილება გერმანიიდან დაახლოებით 5000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის შესახებ.

„ნატოს სიძლიერე არ არის დამოკიდებული ჯარისკაცების რაოდენობაზე, არამედ იმაზე, არსებობს თუ არა საერთო მიზანი და ჩვენ მაინც გვაქვს საერთო მიზანი. ეჭვი არ მეპარება, რომ აშშ ძალიან დაინტერესებულია ნატოს ქვეყნების ძლიერი „ევროპული“ ბლოკის მის მხარეს ყოლით და პირიქით - ჩვენ კვლავ დაინტერესებულები ვართ ამერიკული არმიისა და სამხედრო მხარდაჭერის ჩვენს მხარეს ყოლით“, - აღნიშნა მერცმა.

„ჩვენ იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ - როგორც ევროპის კონტინენტზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამიტომ, ეჭვი არ მეპარება, რომ ნატოს ნათელი მომავალი ელის“, - დასძინა მან.