მექსიკის საშუალო სკოლაში მომხდარ თავდასხმას დირექტორის მოადგილე ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა
მექსიკის ჩრდილოეთ შტატ კოაუილაში მდებარე საშუალო სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად სკოლის დირექტორის მოადგილე დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შტატის პროკურორის ფედერიკო ფერნანდესის განცხადებით, თავდასხმა, სავარაუდოდ, 18 წლის ორმა ძმამ განახორციელა. ორივე მათგანი დაკავებულია. ინციდენტი ქალაქ ტორეონის „ლა უნიონის“ რაიონში მდებარე №13 საშუალო სკოლაში მოხდა. შტატის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ეჭვმიტანილები სკოლის ყოფილი მოსწავლეები არიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი სკოლაში მაჩეტეებითა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით შეიარაღებული შევიდა. ადგილობრივი მცხოვრების თქმით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი პირი ადგილობრივმა მეზობლებმა დააკავეს. მათ აფეთქების ხმები გაიგეს, სკოლის შენობაში შევიდნენ და ეჭვმიტანილები ადგილზე სამართალდამცველების მისვლამდე შეაკავეს.
„პირველადი გამოძიებით დგინდება, რომ ადმინისტრაციულ პერსონალს თავს დაესხა ორი პირი, რომლებიც სავარაუდო დამნაშავეები არიან. დაიღუპა ქალი - სკოლის დირექტორის მოადგილე“, - განუცხადა ჟურნალისტებს შტატის პროკურორმა ფედერიკო ფერნანდესმა. მან მომხდარს „სასტიკი თავდასხმა“ უწოდა.