Loading data...
მელონიმ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის წინ დასავლეთის ერთიანობის მიმართ კმაყოფილება გამოთქვა: ახლა დროა, ვნახოთ, როგორი იქნება ალასკაში რუსეთის პოზიცია

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ 13 აგვისტოს რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ დადებითად შეაფასა დასავლეთის ერთიანობა. ამის შესახებ იტალიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, მელონიმ მადლობა გადაუხადა ტრამპს მისი ძალისხმევისთვის და ხაზი გაუსვა შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობას მშვიდობის მისაღწევად, რაც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. მან მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიებისას დღემდე გამოვლენილი ერთგულებისთვის.

ის ასევე მიესალმა ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის წარმომადგენლობით შეერთებული შტატების მონაწილეობას „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში, რომელიც მოჰყვა მიმდინარე წლის ივლისში რომში, უკრაინის რეკონსტრუქციის კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის მონაწილეობით ამ ფორმატში გამართულ პირველ შეხვედრას. 

განცხადების თანახმად, დისკუსიის დროს გამოიკვეთა შეხედულებების „მტკიცე ერთიანობა“, რომ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის „მიღწევა შეუძლებელია ცეცხლის შეწყვეტის, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების, რუსეთზე კოლექტიური ზეწოლის შენარჩუნების, მათ შორის სანქციების გზით, და ევროატლანტიკურ კონტექსტში დაფუძნებული საიმედო უსაფრთხოების გარანტიების გარეშე“.

მელონიმ გამოხატა დიდი კმაყოფილება იმ ერთსულოვნებისა და დიალოგის უნარის მიმართ, რომელსაც დასავლეთი ავლენს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართლის დაცვის ფუნდამენტური გამოწვევის წინაშე. ახლა დროა, ვნახოთ, როგორი იქნება ალასკაში რუსეთის პოზიცია, რომელმაც ჯერჯერობით არ გამოხატა რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის განზრახვა“, - ნათქვამია განცხადებაში.