Loading data...
მელონი: იტალია უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებიდან „რეპარაციის სესხის“ გაცემას მხარს უჭერს, თუმცა ერთი პირობით

იტალია უკრაინისთვის „რეპარაციის სესხის“ გასაცემად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას მხარს უჭერს, თუმცა ეს „მყარ სამართლებრივ საფუძველზე“ უნდა მოხდეს. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა.

მელონიმ აღნიშნა, რომ იტალია მხარს უჭერს რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას, თუმცა უკრაინის მხარდაჭერის ნებისმიერი ინსტრუმენტი, მისი თქმით, კანონის უზენაესობას უნდა ეფუძნებოდეს.

„იტალია წმინდა პრინციპად მიიჩნევს, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ქვეყნის აღდგენისთვის, რომელსაც თავს დაესხა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მყარ სამართლებრივ საფუძველზე. კიევის მხარდაჭერის ნებისმიერი ინსტრუმენტი ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ღირებულებებს და იმ წესებს, რომლებზეც კანონის უზენაესობაა დაფუძნებული“, - განაცხადა მან.

იტალიის პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების საკითხზე გადაწყვეტილების პოვნა ადვილი არ იქნება, რადგან ბელგიის გარდა სხვა ქვეყნებმაც შეიძლება წინააღმდეგობა გამოთქვან. ამასთან, მელონიმ აღნიშნა, რომ ბელგიის გარდა სხვა პარტნიორ ქვეყნებსაც აქვთ გაყინული აქტივები თავიანთ ფინანსურ სისტემებში. 

მელონი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთი კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის მზად არ არის, რასაც უკრაინის ქალაქებზე მისი ხანგრძლივი თავდასხმები ადასტურებს.