Loading data...
მელონი: იტალია ირანის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას არ მიიღებს

იტალია არ გეგმავს ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებაში მონაწილეობას, ქვეყანა სიტუაციის დიპლომატიურ მოგვარებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, იტყობინება Bloomberg-ი.

„იტალია არ არის და არც იქნება ჩართული ირანში მიმდინარე ომში“, - აღნიშნა მან.

მთავრობის მეთაურის თქმით, ირანის კრიზისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდად იქცა. მელონიმ თავის ოპონენტებს ერთიანობისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა ეროვნული ინტერესების ერთობლივი ძალისხმევით დაცვის მნიშვნელობას.

მელონიმ ასევე ხაზი გაუსვა იტალიური დიპლომატიის როლს იმის გათვალისწინებით, რომ კონფლიქტის დაწყებამდე რომი სამხედრო სცენარის თავიდან ასაცილებლად კატართან და ომანთან თანამშრომლობდა.

ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა შესაძლო სანქციების შესახებ იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ომის შედეგად გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისიდან მოგებას იღებენ. მან დაადასტურა, რომ მთავრობა გეგმავს ასეთი კომპანიებისთვის დამატებითი გადასახადების დაწესებას, თუმცა არ დაუკონკრეტებია, თუ როგორ იმუშავებს ეს.

მიუხედავად იმისა, რომ მელონიმ თეირანის მიმართ მოკავშირეების მიდგომა გააკრიტიკა, მან ხაზი გაუსვა ირანული საფრთხის განსაკუთრებულ სერიოზულობას. მან მტკიცედ განაცხადა, რომ ირანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეცეს ბირთვული არსენალის ფლობის უფლება.

„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ აიათოლების რეჟიმი, რომელსაც ბირთვული იარაღი და სარაკეტო შესაძლებლობები ექნება და მალე იტალიასა და ევროპაზე პირდაპირი დარტყმის განხორციელება შეეძლება“, - განაცხადა მელონიმ.

იტალიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ვაშინგტონს ირანზე თავდასხმებისთვის იტალიაში არსებული ბაზების გამოყენებაზე ნებართვა არ უთხოვია.