Loading data...
მელონი და მაკრონი საფრანგეთში 23 წლის აქტივისტის დაღუპვის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი საფრანგეთში მემარჯვენე აქტივისტის, 23 წლის ახალგაზრდა კაცის დაღუპვის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ევროკავშირის დონეზე პირველად გაისმა ტერმინი „მემარცხენე ექსტრემიზმი“. ამის შესახებ Politico იუწყება.

23 წლის ახალგაზრდას დაღუპვის შემდეგ ჯორჯა მელონიმ განაცხადა, რომ ყველაფერში მემარცხენე ექსტრემისტები არიან დამნაშავეები, რაც, მისი თქმით, „ევროპის სხეულზე იარა გახდა“.

მელონის ამ განცხადებამ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აღაშფოთა, რომელიც მემარცხენე ძალებს წარმოადგენს. მან იტალიის მთავრობის თავმჯდომარეს ურჩია, რომ სხვის საქმეში არ ჩაერიოს.

„მიკვირს. როგორ უყვართ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ, რომ მათ საქმეებში ვინმე ჩაერიოს, თავად ჩაჰყონ ცხვირი სხვის საქმეში და ამაზე ისაუბრონ. ყველამ თავის საქმეებს მიხედოს და მაშინ წესრიგიც იქნება“ , - განაცხადა მაკრონმა.

ამის შემდეგ მელონიმ განაცხადა, რომ მას მაკრონის ასეთი რეაქცია გაუკვირდა. იტალიის პრემიერმა, რომელიც მემარჯვენე ძალების წარმომადგენელია, დააკონკრეტა, რომ საუბარია არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ევროპის მომავალზე, იტალიის საგარეოს საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ განაცხადა, რომ იტალიამ თავად განიცადა დარბევები 1960-1980 -იან წლებში, როდესაც მემარჯვენე და მემარცხენე ძალების წარმომადგენლები ერთმანეთს აფეთქებდნენ და კლავდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამიტომ იტალიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი რამე არ განმეორდეს.

23 წლის მემარჯვენე აქტივისტს კვენტინ დერანკს მემარცხენე აქტივისტების ჯგუფი ლიონში 12 თებერვალს თავს დაესხა. ინციდენტი უნივერსიტეტის შენობასთან მოხდა, სადაც კვენტის დერანკი საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. ახალგაზრდა კაცს სასტიკად სცემეს და ის რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ საქმეზე დაკავებულია 11 პირი, რომელთა უმეტესობა მემარცხენე ძალების, მათ შორის ანტიფაშისტური ჯგუფის, „ახალგაზრდა გვარდიის“ წარმომადგენელია, დაკავებულთა შორის მემარცხენე პარტიის, „დაუმარცხებელი საფრანგეთის“ დეპუტატის, რაფაელ არნოს ორი თანაშემწეა.