Loading data...
მექსიკაში მატარებელი ორსართულიან ავტობუსს შეეჯახა - დაიღუპა 10 ადამიანი, 61 კი დაშავდა

მექსიკის ცენტრალურ ნაწილში სატვირთო მატარებელი ორსართულიან სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც ათი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 61 დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

მატარებლის ოპერატორის თქმით, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც სამგზავრო ავტობუსი მოძრავი მატარებლისთვის გადასწრებას ცდილობდა. 

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეჯახება მოხდა სამრეწველო ზონაში, მეხიკოდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 115 კილომეტრში მდებარე ქალაქ ატლაკომულკოსა და მიჩოაკანის შტატში მდებარე მარავატიოს შორის მდებარე გზატკეცილზე.

მექსიკის შტატის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, დაღუპულია შვიდი ქალი და სამი მამაკაცი. უწყების ინფორმაციითვე, დაშავებულთაგან ზოგიერთი მძიმე მდგომარეობაშია, ზოგი კი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს, თუმცა მათი რიცხვი არ დაუკონკრეტებიათ.