Loading data...
მექსიკაში ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე შეტაკებისას 120 ადამიანი დაშავდა

მეხიკოში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს შეტაკებების შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 100 პოლიციელი. ამის შესახებ BBC პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

15 ნოემბერს მექსიკის დედაქალაქში ათასობით დემონსტრანტმა ქვეყანაში არსებული კრიმინალური ვითარებისა და პრეზიდენტ კლაუდია შეინბაუმის მთავრობის წინააღმდეგ მსვლელობა გამართა. დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ჯებირების ნაწილი მოანგრიეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. სამართალდამცველებმა 20 ადამიანი დააკავეს.

შეინბაუმმა განაცხადა, რომ მსვლელობები, რომლებიც სხვა ქალაქებშიც გაიმართა, დააფინანსეს მემარჯვენე პოლიტიკოსებმა, რომლებიც მისი მთავრობის წინააღმდეგი არიან.

აქცია ორგანიზებული იყო „ჯენზი“ თაობის ახალგაზრდული ჯგუფების მიერ. შეკრებილები აპროტესტებდნენ გახმაურებულ მკვლელობებს, მათ შორის რამდენიმე კვირის წინ ურუაპანის მერის, კარლოს მანცოს მკვლელობას, რომელიც კარტელების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას ითხოვდა.