მედიის ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი 19 ნოემბერს თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ხვალ, 19 ნოემბერს, თურქეთში გაფრინდება, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, იტყობინება Reuters-ის ახლო აღმოსავლეთის კორესპონდენტი აჰმედ რაშიდი წყაროებსა და სხვა მედიასაშუალებებზე დაყრდნობით.
„თურქული წყაროს ცნობით, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი თურქეთს ეწვევა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას“, - წერს Al Arabiya English-ი.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს ესპანეთში შეხვედრებია დაგეგმილი ამ ქვეყნიდან დამატებითი დახმარების მისაღებად, ხვალ კი თურქეთშია შეხვედრები დაგეგმილი, სადაც ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების გააქტიურებას განიხილავენ და პარტნიორებს გადაწყვეტილებებს შესთავაზებენ.
გარდა ამისა, ამ კვირაში შეხვედრები გაიმართება უმაღლესი რადას ხელმძღვანელობასთან, ფრაქცია „ხალხის მსახურის“ დეპუტატებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.
„ვამზადებ რამდენიმე აუცილებელ საკანონმდებლო ინიციატივას და ფუნდამენტურ, სწრაფ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს სჭირდება“, - დაწერა ზელენსკიმ Teleghram-ზე.