მედიის ცნობით, ტრამპი სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებს არ დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ შეუერთდება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს, რომელიც დღეს, 15 მაისს, თურქეთშია დაგეგმილი. ამის შესახებ Reuters ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.
Sky News-მა გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ სტამბოლში მოლაპარაკებებზე მისი დასწრების შესაძლებლობა დაუშვა. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ იქ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინიც იქნება.
ეს უკანასკნელი თურქეთში წასვლას არ აპირებს. პუტინის სახელი კრემლის მიერ გამოქვეყნებულ დელეგატთა სიაში არ არის. რუსეთის დელეგაციას მისი თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. რუსეთის მხრიდან სტამბოლში მიემგზავრებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ იურიევიჩ გალუზინი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინი.
რაც შეეხება უკრაინის დელეგაციას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, სტამბოლში ჩასვლას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც გეგმავს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ზელენსკის დიპლომატიური მრჩეველი იგორ ჟოვკვა. თურქეთში იმყოფება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგაც. ის უკვე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს და აშშ-ის სენატორ ლინდსი გრეჰემს.