მედიის ცნობით, ერდოღანი შესაძლოა, პუტინს თურქმენეთში შეხვდეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლოა, კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს თურქმენეთში დღეს, 12 დეკემბერს, შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CCN Turk-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანი 11 და 12 დეკემბერს აშხაბადში იმყოფება მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმი თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა.
„ჩვენი პრეზიდენტი 2025 წლის 11-12 დეკემბერს თურქმენეთს ეწვევა მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მიეძღვნება თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილეს და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2025 წლის მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო წლად გამოცხადებას“, - განაცხადა კომუნიკაციების დირექტორმა ბურჰანეტინ დურანმა.
კრემლმა 11 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პუტინი ერდოღანთან თურქმენეთში შეხვედრას გეგმავს.
CNN აღნიშნავს, რომ პუტინსა და ერდოღანს შორის ბოლო შეხვედრა სექტემბრის დასაწყისში ჩინეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტის ფარგლებში შედგა.
შეგახსენებთ, რომ წელს თურქეთმა ომის მოგვარების საკითხზე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრებს უმასპინძლა.