„მეჩვენება, რომ ის არც თუ ისე გულუხვია ევროპის მიმართ“ - ანტონიო ტაიანიმ დავოსის ფორუმზე ზელენსკის სიტყვით გამოსვლა გააკრიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დავოსის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ გააკრიტიკა.
ზელენსკის გამოსვლის შესახებ კომენტარის გაკეთებისას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთა უკრაინის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
„მეჩვენება, რომ ის არც თუ ისე გულუხვია ევროპის მიმართ“, - განაცხადა ტაიანიმ იტალიასა და გერმანიას შორის გამართული ბიზნესფორუმის ფარგლებში.
„მეჩვენება, რომ ევროპამ უკრაინის დამოუკიდებლობა გარანტირებული გახადა იმით, რომ ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნისთვის პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკეთა. კერძოდ, მან გააკრიტიკა ევროკავშირის არასაკმარისი ზომები რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ საბრძოლველად.
„ევროპას უყვარს მომავალზე საუბარი, მაგრამ თავს არიდებს დღესვე ზომების მიღებას, იმ ზომების მიღებას, რომლებიც ჩვენს მომავალს განსაზღვრავს. სწორედ ეს არის პრობლემა. რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს, შეაჩეროს „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები და ნავთობის მიწოდება, ევროპას კი - არა?“, - ჰკითხა ზელენსკიმ ფორუმის მონაწილეებს.
მან ასევე გამოთქვა სინანული, რომ რუსეთის მხრიდან შურისძიების შიშმა ხელი შეუშალა ევროკომისიის თავდაპირველი გეგმის განხორციელებას უკრაინისთვის რუსული აქტივების გამოყენებით „რეპარაციის სესხის“ გამოყოფის შესახებ.
ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა ევროპელები უსაფრთხოების საკითხებთან, განსაკუთრებით გრენლანდიასთან დაკავშირებით მათი დამოკიდებულების გამო.