მასშტაბური ხანძარი და მსხვერპლი - რუსულმა ძალებმა ხარკოვთან ახლოს მდებარე საწარმოზე იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში ვასიშევოს დასახლებას შეუტიეს.
უკრაინული მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა ძალებმა სამოქალაქო საწარმოზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა და 1 ადამიანი დაიღუპა.
ამავე ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი.
ხანძარმა დაახლოებით 20 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის საწყობები დააზიანა, სადაც მხოლოდ სამოქალაქო საქონელი, კერძოდ, საკვები პროდუქტები ინახებოდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს. ჩაქრობის დროს ორი მეხანძრე დაშავდა: ერთმა ნახშირჟანგით მოიწამლა, მეორემ კი სხეულის დამწვრობა მიიღო.
ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დგინდება თავდასხმის განსახორციელებლად გამოყენებული იარაღის ტიპი.