მასკს არ სურს უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის Starlink-ის გამოყენების უფლება მისცეს - Kyiv Independent
„მედიაში გავრცელებული ბოლო ცნობების მიუხედავად, SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს ილონ მასკს კვლავ არ სურს უკრაინას შესაძლებლობა მისცეს, რომ Starlink-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განსახორციელებლად გამოიყენოს“, - აღნიშნულის შესახებ The Kyiv Independent-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.
რამდენიმე დასავლური მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასკი სავარაუდოდ თანახმა იყო, რომ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმისთვის სტარლინკი გამოეყენებინა.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, SpaceX-ის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ უკრაინისთვის Starlink-ის რუსეთში გამოყენების ნებართვის მიცემა ომის დასრულებას არ შეუწყობს ხელს.
„მასკს ამ ომში შეთანხმების მიღწევა სურს და არა მისი ესკალაცია“, - განუცხადა წყარომ ჟურნალისტებს.
წყაროს ცნობით, მასკმა ასევე მოლაპარაკებები გამართა უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრ მიხაილ ფედოროვთან, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
წყაროს ინფორმაციით, ამ მოლაპარაკებების შემდეგ, SpaceX-ის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, უკრაინას არ მისცეს ნებართვა, რომ Starlink-ი გამოიყენოს.
ინფორმაციისთვის, 28 ივლისს ვაშინგტონში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს სთხოვა, რომ მან დაარწმუნოს ილონ მასკი და უკრაინას Starlink-ის მეშვეობით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების განხორციელების უფლება მიეცეს.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა თავის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ზამთარში იერიშების გახშირებას ელოდება და ამიტომ აუცილებელია რუსეთის სარაკეტო დანადგარების განადგურება ბალისტიკური რაკეტების გაშვებამდე. ამით კიევი შეამცირებდა Patriot-ის ტიპის ამერიკულ რაკეტებზე დამოკიდებულებას.
ტრამპი ზელენსკის დაჰპირდა, რომ ამ თხოვნას განიხილავს. თავად ილონ მასკმა ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.