მასკმა სოცქსელი X გაყიდა და თვითონვე იყიდა

ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ xAI-მ, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწეობს, სოციალური ქსელი X (ყოფილი ტვიტერი) 33 მლრდ აშშ დოლარად შეიძინა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.
მასკის თქმით, ამ გარიგების შემდეგ xAI-ის ფასი 80 მლრდ. დოლარი გახდა, ხოლო X-ის ფასი 33 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.
„xAI-ის და X-ის მომავალი ერთმანეთთან კავშირშია. დღეს ჩვენ გადავდგით ნაბიჯი მონაცემთა, მოდელების, გამოთვლების, დისტრიბუციებისა და ნიჭის გაერთიანების მიმართულებით“, - განაცხადა ილონ მასკმა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, გარიგების ბევრი დეტალი გაუგებარია. ასე მაგალითად, უცნობია, თუ როგორ მოხდება ინვესტორებისთვის კომპენსაციის გადახდა და როგორ განხორციელდება X-ის ხელმძღვანელი პირების ინტეგრაცია ახალ კომპანიაში.
xAI-ის ერთ-ერთმა ინვესტორმა Reuters-ს აცნობა, რომ მასკს გაერთიანების წინ ინვესტორების აზრი არ აინტერესებდა. მასკმა ინვესტორებს უთხრა, რომ ეს ორი კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობდა და კომპანიების გაერთიანება Grok-ის ხელოვნურ ინტელექტთან უფრო ღრმა ინტეგრაციას ხელს შეუწყობს. Grok-ის შექმნაზე ამჟამად xAI მუშაობს.