Loading data...
მარტა კოსი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისას პრივილეგიებს ვერ მიიღებს, ხოლო გაწევრიანების სავარაუდო თარიღი 2027 წლის 1-ელი იანვარი ვერ იქნება

ევროკავშირში გაწევრიანებისას უკრაინა რაიმე შეღავათიან პირობებს, ან პრივილეგიებს ვერ მიიღებს, ხოლო გაწევრიანების სავარაუდო თარიღი 2027 წლის 1-ელი იანვარი ვერ იქნება. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა. 

ევროკომისრის თქმით, ინტეგრაციის პროცესი მხოლოდ კანდიდატი ქვეყნის დამსახურებებსა და აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზეა დაფუძნებული.

„მიღება დამსახურებაზეა დაფუძნებული: ცხადია, რომ ეს თარიღი შეუძლებელია. გაწევრიანების პროცესში არანაირი პრივილეგია, ან შეღავათი არ არსებობს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინა გადარჩენისთვის ომს აწარმოებს, ამიტომ ჩვენი მოვალეობაა, მას დავეხმაროთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მარტა კოსმა.

მან დასძინა, რომ ევროკავშირი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე უკრაინისთვის მოლაპარაკებების რაც შეიძლება მეტი კლასტერის გახსნას შეძლებს.

მედიის ცნობით, 6 ოქტომბერს ევროკომისია გაფართოების პოლიტიკის განახლებულ ანგარიშს წარადგენს.

ოქტომბრის შუა რიცხვებში დაგეგმილ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ბლოკის ქვეყნების ლიდერები ოთხ ძირითად საკითხს განიხილავენ: 

1) გაფართოების გავლენას წევრ სახელმწიფოებზე;

2) ევროკავშირის შიდა რეფორმებს წევრთა უფრო დიდ რაოდენობასთან უფრო ეფექტურად მუშაობისთვის (მათ შორის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ერთსულოვნების პრინციპიდან კვალიფიციური უმრავლესობით კენჭისყრაზე შესაძლო გადასვლა);

3) ახალი წევრების მიერ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პატივისცემის დაცვის მექანიზმებს;

4) კანდიდატი ქვეყნების თანდათანობითი და გაძლიერებული ინტეგრაციის კონცეფციას.

ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეტაპობრივი ინტეგრაციის მოდელი არ ცვლის სრულ გაწევრიანებას, არამედ კანდიდატებს საშუალებას აძლევს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკავშირთან ყველა მოთხოვნის შესრულების პროცესში.