Loading data...
მარკო რუბიომ მოკავშირეებს მოუწოდა ნატოს ხელახლა გადახედონ - „აშშ ალიანსს არ დატოვებს“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მოკავშირეებს მოუწოდა ნატოს ხელახლა გადახედონ, თუმცა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ალიანსს არ დატოვებს. რუბიოს განცხადებას The Guardian-ი ციტირებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ნატო უნდა შეიცვალოს და მისმა ევროპელმა პარტნიორებმა რადიკალურად უნდა გაზარდონ ინვესტიციები თავდაცვის შესაძლებლობებში.

რუბიოს თქმით, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მათ შეძლონ მნიშვნელოვანი როლის შესრულება და არა უბრალოდ „უმნიშვნელო“ ძალების განლაგება, რომლებიც კვლავ საჭიროებენ აშშ-ის მხარდაჭერას და დაზღვევას.

„მისი [ნატოს] ახლებურად გააზრების მიზეზი ის კი არ არის, რომ მისი მიზანი იცვლება, არამედ ის, რომ მისი შესაძლებლობები უნდა იყოს ხელახლა გააზრებული“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

რუბიომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების განხილვა მაგალითად მოიყვანა.

„უსაფრთხოების გარანტიები ძირითადად ითვალისწინებს მცირე რაოდენობის ევროპული ჯარების, ძირითადად ფრანგული და ბრიტანული ჯარების განლაგებას, რასაც მოჰყვება აშშ-ის მხარდაჭერა. თუმცა, რეალური უსაფრთხოების გარანტია აშშ-ის მხარდაჭერაა. აღვნიშნავ, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - აღნიშნა რუბიომ. 

მისი თქმით, ევროპელებს აშშ-სგან ასეთი ძლიერი მხარდაჭერა სჭირდებათ, რადგან ბოლო 20-30 წლის განმავლობაში მათ თავდაცვის შესაძლებლობებში არასაკმარისი ინვესტიცია ჩადეს.

რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ ეს შეიცვლება.

„ნატო უფრო ძლიერი იქნება, თუ ჩვენი მოკავშირეები უფრო ქმედითუნარიანები იქნებიან. რაც უფრო ძლიერები იქნებიან ჩვენი ნატოელი პარტნიორები, მით უფრო მეტი მოქნილობა ექნება შეერთებულ შტატებს, რათა დაიცვას ჩვენი ინტერესები მთელ მსოფლიოში. ეს არ არის უარის თქმა ნატოზე, ეს XXI საუკუნის რეალობაა და მსოფლიო იცვლება“, - დასძინა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.