Loading data...
მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გასულ წელს აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სამიტის დროს უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ ყოფილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ გასულ წელს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში გამართული სამიტის დროს უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბაჰრეინში ვიზიტის დროს განუცხადა.

როგორც რუბიომ აღნიშნა, ანკორიჯის სამიტზე ომის დასრულების მიზნით „მხოლოდ შეთანხმების შესახებ წინადადებები იყო“.

„ჩვენ ნამდვილად განვიხილეთ ამ საკითხის ყველა სხვა დეტალი, შეგვეძლო, თუ არა შეთანხმების მიღწევა, იმის გათვალისწინებით, თუ რა გვქონდა ალასკაში, მაგრამ ალასკაში არ ყოფილა შეთანხმება, რომელიც ომს დაასრულებდა“, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

მან ასევე დასძინა, რომ ტრამპი კვლავ მზადაა, „შეასრულოს ნებისმიერი კონსტრუქციული როლი უკრაინაში ომის სამუდამოდ დასასრულებლად“.

„ეს ევროპისთვის დამღლელია, განსაკუთრებით უკრაინისთვის და სულ უფრო მეტად რუსეთისთვის. ამიტომ, თუ ჩვენ მზად ვართ, წინ წავიწიოთ და კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ, თუ ეს ჩვენთვის შესაძლებელია, რათა გავაერთიანოთ მხარეები და დავასრულოთ ეს ომი. სწორედ ამას ცდილობდა პრეზიდენტი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მაგრამ ალასკაში შეთანხმება არ მიღწეულა. ალასკაში იყო წინადადება, მაგრამ ის შეთანხმებად არასდროს ქცეულა“, - დაასკვნა რუბიომ.