Loading data...
მარკო რუბიო: უკრაინა ტერიტორიების დასათმობად მზად არ არის და არც არავინ აიძულებს მათ დათმობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ მოახდენს ზეწოლას უკრაინაზე, რათა მან თავისი ტერიტორიები რუსეთს დაუთმოს სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

რუბიომ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნების მიუხედავად, „თუ უკრაინელები მზად არ არიან დათმონ, არავინ აიძულებს უკრაინას დათმოს“.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, განიხილეს თუ არა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და ყირიმის ვლადიმერ პუტინის კონტროლის ქვეშ გადაცემის საკითხი.

რუბიომ უპასუხა, რომ უკრაინელები ასეთი დათმობებისთვის მზად არ არიან და არავის აქვს უფლება, აიძულოს ისინი დათმობებზე წავიდნენ.

„უკრაინელები არ არიან მზად ამის [ტერიტორიების] დასათმობად და არც არავინ აიძულებს მათ, რომ დათმონ ეს, ასე რომ, თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება, ასეთი სახის არ იქნება. მაგრამ პუტინი ნამდვილად აყენებს მოთხოვნებს და მართლაც ითხოვს ისეთ რაღაცებს, რასაც უკრაინელები და სხვები არ ემხრობიან, რის დათმობასაც ჩვენ მათ არ ვაიძულებთ და უკრაინელებიც ითხოვენ ისეთ რაღაცებს, რასაც რუსეთი არ დათმობს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.