Loading data...
მარკო რუბიო: პრეზიდენტი ფიქრობს, რომ თუ ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემა გვაქვს, მისი გადაჭრის ერთადერთი გზა მათთან დიალოგის დამყარებაა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მზადყოფნა, გამართოს შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან, იმით ახსნა, რომ თეთრი სახლის ლიდერი ამას დათმობად არ განიხილავს.

მანილაში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ჰკითხეს, სერიოზულად განიხილავს, თუ არა ტრამპი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას.

„ეს სერიოზულია იმ გაგებით, რომ, ჩემი აზრით, პრეზიდენტს არასდროს განუხილავს ვინმესთან შეხვედრა და საუბარი, როგორც დათმობა. მას ხშირად მოჰყავდა არგუმენტი - და, ჩემი შეფასებით, სავსებით სამართლიანი - იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება პრობლემების მოგვარება იმ ადამიანებთან, რომლებთანაც უთანხმოება გაქვთ, თუ მათ არ ესაუბრებით და არ ხართ მზად, დიალოგში შეხვიდეთ მათთან“, - განმარტა რუბიომ.

მისი თქმით, როდესაც ტრამპი ვინმესთან შეხვედრებს მართავს, ეს არ ნიშნავს, რომ იგი იწონებს თავისი თანამოსაუბრის ყველა ქმედებას.

„ვფიქრობ, ამერიკულ საგარეო პოლიტიკაში არსებობს ტრადიციული წარმოდგენა, რომ როდესაც ვინმეს ხვდებით, მას ავტორიტეტს სძენთ, თითქოს ამტკიცებთ, რომ რასაც ის აკეთებს, კარგია, ან სწორია. თუმცა პრეზიდენტი ასე არ ფიქრობს და მოხარული ვარ, რომ ის ასე არ ფიქრობს“, - განმარტა რუბიომ.

„პრეზიდენტი ამ საკითხს ასე უყურებს: თუ ჩრდილოეთ კორეასთან პრობლემა გვაქვს, მისი გადაჭრის ერთადერთი გზა მათთან დიალოგის დამყარებაა. რა თქმა უნდა, ეს შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს და არ ვამბობ, რომ შეხვედრა ხვალ გაიმართება“, - დასძინა მან.