Loading data...
მარკო რუბიო: პალესტინის საკითხის მოგვარება უფრო ადვილი იქნებოდა, ირანის ისლამური რეჟიმი რომ არ არსებობდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ პალესტინელებთან კონფლიქტის მოგვარება ირანის ისლამური რესპუბლიკის ჩარევის გარეშე უფრო ადვილი იქნებოდა.

მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტი ტრადიციულად მიიჩნევდა, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების მთავარი საკითხი პალესტინის პრობლემაა.

„არ ვამბობ, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოა, თუმცა ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად აჩვენა, რომ ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობის, ომებისა და კონფლიქტების მთავარი გამომწვევი და მშვიდობის მთავარი დაბრკოლება თეირანის ისლამური რეჟიმია. ვფიქრობ, ლიბანში არსებული მტკიცებულებები ამას ადასტურებს“, - განაცხადა რუბიომ გამოცემა Breitbart-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ირანში რადიკალი შიიტი სასულიერო პირები რომ არ არსებობდნენ და ქვეყანას ისლამური რეჟიმი არ მართავდეს, ახლო აღმოსავლეთში არსებული პრობლემების უმეტესობაც არ იარსებებდა.

„შესაძლოა, პალესტინის საკითხი მაინც დარჩენილიყო, თუმცა ამ საკითხის მოგვარება უფრო ადვილი იქნებოდა, ირანი რომ არ არსებობდეს. სწორედ ირანია ყველა ამ პრობლემის სათავეში. ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურობისა და ომების გამომწვევი მთავარი ძალის სწორად იდენტიფიცირება მნიშვნელოვანია, რათა მათი მოგვარება შევძლოთ“, - დასძინა რუბიომ.