მარკო რუბიო მიმდინარე კვირაში 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციებს უმასპინძლებს, განხილვის თემა „ტრანსნაციონალური ულტრამემარცხენე ტერორიზმის აღორძინების“ საფრთხე იქნება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიმდინარე კვირაში 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგაციებს უმასპინძლებს შეხვედრაზე, რომელიც „ტრანსნაციონალური ულტრამემარცხენე ტერორიზმის აღორძინების“ საფრთხის განხილვას დაეთმობა, - ამის შესახებ ABC News წერს.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ეს საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების ანტიტერორისტული ძალისხმევის ბრმა წერტილი იყო. მას სათანადოდ არ აფასებდნენ და არასაკმარისი რესურსები ეთმობოდა, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს“, - ნათქვამია უცხო ქვეყნების მთავრობებისთვის გაგზავნილ განმარტებით დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, სამართალდამცავი და ანტიტერორისტული უწყებების ექსპერტებმა გამოავლინეს „მკაფიო ტენდენცია“, რომლის მიხედვითაც, „გლობალურად დაკავშირებული, პოლიტიკურად მოტივირებული ტერორისტები, განსაკუთრებით ულტრამემარცხენე ტერორისტები, სულ უფრო ხშირად მიმართავენ ორგანიზებულ და სასიკვდილო ძალადობას პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეხვედრა, რომელიც ხუთშაბათს ვაშინგტონში გაიმართება, საფუძველს ჩაუყრის „კოორდინირებულ მოქმედებებს“ იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც, დოკუმენტის თანახმად, „ცდილობენ რადიკალური პოლიტიკური ხედვის განხორციელებას დაშინებისა და ტერორის კოორდინირებული კამპანიების გზით“.