Loading data...
მარკო რუბიო: ირანის ხელმძღვანელობაში გარკვეული განხეთქილება არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანის ხელმძღვანელობაში გარკვეული განხეთქილება არსებობს.

ABC News-ის ეთერში რუბიოს სთხოვეს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე კომენტარი გაეკეთებინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ „ახალ და უფრო გონიერ რეჟიმთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა მან უარი თქვა იმ პირების დასახელებაზე, ვისთანაც აშშ ომის დასასრულებლად თანამშრომლობს.

„ამ ადამიანების ვინაობას ვერ გავამხელ, რადგან ეს მათ პრობლემებს შეუქმნით ირანის შიგნით არსებულ სხვა ჯგუფებთან. თუ ახლა ირანის ხელისუფლების სათავეში ის ადამიანები არიან, რომელთაც მომავლის უფრო გონივრული ხედვა აქვთ, მაშინ ეს ჩვენთვის, მათთვის და მთელი მსოფლიოსთვის კარგი ამბავი იქნება, მაგრამ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ შესაძლებლობისთვისაც, რომ ეს ასე არ არის“, - აცხადებს რუბიო. 

მისი თქმით, ირანში არიან „ადამიანები, რომლებიც პირად საუბრებში სწორ რაღაცებს ამბობენ“.

„საბოლოო ჯამში, უნდა ვნახოთ, ეს ადამიანები იქნებიან თუ არა ისინი, რომელთაც ძალაუფლება ექნებათ. ნათელია, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ისე გვესაუბრებიან, როგორც ამას ირანში ძალაუფლებაში მყოფი პირები წარსულში არ აკეთებდნენ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.