მარკო რუბიო: ღაზაში ომი ჯერ არ დასრულებულა, პრიორიტეტი მძევლების გათავისუფლებაა

„ღაზაში ომი ჯერ არ დასრულებულა“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გააცხადა.
მისი თქმით, პრიორიტეტი მძევლების გათავისუფლებაა.
მან NBC-ის განუცხადა, რომ „ჰამასი“ ძირითადად დაეთანხმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ დასამუშავებელია.
„ისინი შეთანხმდნენ, პრინციპულად და ზოგადად, რომ განიხილონ იდეა იმის შესახებ, რა მოხდება შემდეგ. იქ ბევრი დეტალი უნდა დამუშავდეს“, - აღნიშნა რუბიომ.
მოგვიანებით Fox News Sunday-თან საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ დანამდვილებით ცნობილი არაფერია.
„არავის შეუძლია, გითხრათ, რომ ეს 100-პროცენტიანი გარანტიაა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
რუბიომ NBC-ს განუცხადა, რომ აშშ ძალიან სწრაფად გაიგებს, სერიოზულად იყო თუ არა „ჰამასი“ განწყობილი მძევლების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე ტექნიკური მოლაპარაკებების დროს.
„პირველი პრიორიტეტი, რომლის მიღწევასაც, ჩვენი აზრით, ძალიან სწრაფად შევძლებთ, არის ყველა მძევლის გათავისუფლება ისრაელის ყვითელ ხაზზე დაბრუნების სანაცვლოდ, სადაც ისრაელი აგვისტოს შუა რიცხვებში იდგა. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ისრაელი ყვითელ ხაზზე დაბრუნდება და შესაძლოა მის მიღმაც? როგორ შევქმნათ პალესტინური ტექნოკრატიული ხელმძღვანელობა, რომელიც „ჰამასი“ არ იქნება? როგორ განიარაღდეს ნებისმიერი სახის ტერორისტული ჯგუფი? მთელი ეს სამუშაო რთული იქნება, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან ამის გარეშე მდგრადი მშვიდობა არ იქნება“, - დასძინა რუბიომ.