მარკო რუბიო: ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობები და ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთთან, იგივე ეხება ჩინეთსაც
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობები და ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთთან, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობა უფრო მეგობრული და მარტივი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ იქნება.
„აქ ორი საკითხი უნდა განვიხილოთ. პირველი – უკრაინაში ომი, რომლის მოლაპარაკებებით დასრულებას ვისურვებდით. ამისგან დამოუკიდებლად, ორმხრივი ურთიერთობები ქვეყანასთან, რომელსაც ყველაზე დიდი თუ არა, მეორე უმსხვილესი ბირთვული არსენალი გააჩნია მსოფლიოში. სულ მცირე, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ურთიერთობები და ვაწარმოოთ დიალოგი რუსეთთან, იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა ის, რასაც ისინი აკეთებენ. საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან არაერთი საუბარი მქონდა და ასეც უნდა იყოს, ეს მომწიფებული დიპლომატიაა. იგივე ეხება ჩინეთსაც. ჩვენ უნდა გვქონდეს დიალოგი მათთან.
არსებობს საკითხები ორმხრივ ურთიერთობაში, რომლებსაც უკრაინასთან საერთო არაფერი აქვს. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობა მათთან უფრო მეგობრული და მარტივი იქნება მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დასრულდება და ეს პოზიცია ამ შეხვედრაზეც დავაფიქსირეთ. ვფიქრობ, რაც ვისწავლეთ და ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში რაც დადასტურდა, არის ის, რომ სჯობს, მეორე მხარეს გყავდეს ვინმე, ვისაც დაელაპარაკები, ვიდრე – არა. ეს არის პრეზიდენტი, რომელიც მზად არის, შეხვდეს და დაელაპარაკოს ნებისმიერს. ის არ აღიქვამს დათმობად მოლაპარაკებებს და უცხოელ კოლეგასთან ჩართულობას, როგორც ამას ტრადიციულად წარსულში უყურებდნენ. ზოგჯერ ამას რაღაც შედეგი მოაქვს, ზოგჯერ – არა. ხანდახან კომუნიკაციის ეს საშუალება ღირებული აღმოჩნდება ხოლმე პოტენციური კონფლიქტის, ან კრიზისის დროს“, – აღნიშნა რუბიომ.