მარკო რუბიო: ჩინეთმა უნდა მოუწოდოს ირანს, არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ჩინეთმა უნდა მოუწოდოს ირანს, არ ჩაკეტოს ჰორმუზის სრუტე.
აღნიშნული განცხადება რუბიომ მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის პარლამენტმა ჰორმუზის სრუტის დაკეტვას მხარი დაუჭირა.
„მოვუწოდებ ჩინეთის მთავრობას, რომ დაუკავშირდეს მათ [ირანელებს] ამ საკითხზე, რადგან ისინი [ჩინელები] ჰორმუზის სრუტეზე გამავალ ნავთობზე დიდად არიან დამოკიდებულნი. თუ ისინი ამას გააკეთებენ, ეს კიდევ ერთი საშინელი შეცდომა იქნება. ეს მათთვის ეკონომიკური თვითმკვლელობა იქნება. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ შესაბამისი ზომები, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც ყურადღება უნდა მიაქციონ. ეს სხვა ქვეყნების ეკონომიკას გაცილებით მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე ჩვენსას“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაცია 22 ივნისის ღამეს განხორციელდა.
შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაანში.
დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰაგსეთმა განაცხადა, რომ ოპერაციამ ირანის ბირთვული ამოცანები გაანადგურა.